საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:“მეცნიერება, ხელოვნება და განათლება საჯარო და კერძო პარტნიორობის პრიზმაში ახალ პირობებში”

2022 წლის 26-28 ოქტომბერს ალმაატაში (ყაზახეთის რესპუბლიკა) გაიმართა კასპიის უნივერსიტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „მეცნიერება, ხელოვნება და განათლება საჯარო და კერძო პარტნიორობის პრიზმაში ახალ პირობებში”. კონფერენციას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი და ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ვასილ კიკუტაძე.

 

კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერთა, ხელოვანთა და კულტურის მოღვაწეების, ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ძალისხმევის გაერთიანება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამეცნიერო და კულტურის სფეროების გაძლიერებას და ერთიანი სისტემის შექმნის შესაძლებლობას კაცობრიობის გადაუდებელი და მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად ადამიანის უსაფრთხოების, ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა სამეცნიერო კვლევა: ,,ურთიერთობებისა და სექსუალური განათლების განვითარება უმაღლეს განათლებაში: აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკოსების შეხედულებათა კვლევა საქართველოში“. სამეცნიერო კვლევა ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილს,
გამორჩეული კულტურული გავლენისა და სამეცნიერო განვითარებისათვის, გადაეცა ევრაზიის საერთაშორისო პრემია.