აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი,
პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი,
არჩეულ იქნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ბორდის მიერ განათლების მდგრადობის სამუშაო ჯგუფის წევრად
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება- უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი, დაინიშნა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭოს მიერ განათლების მდგრადობის სამუშაო ჯგუფის წევრად.
პირველად საქართველოს უმაღლესი განათლების ისტორიაში, ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი არჩეულ იქნა ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანოში, როგორიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაა (EUA). აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, ისე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განვითარების გზაზე.
EUA-ს მდგრადობის სპეციალური სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ლიდერებს, რომელთა თანამშრომლობით იქმნება განათლების მდგრადი განვითარების ხედვა – გაეროს 2030 დღის წესრიგის მიღმა, 2040 წლის პერსპექტივით.როგორც ამ ჯგუფის წევრი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად ჩაერთვება განათლებისა და კვლევის მდგრადობის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ასევე მონაწილეობას მიიღებს EUA-ს „უნივერსიტეტებისა და მდგრადობის მომავლის დეკლარაციის“ ფორმირებაში. მისი საქმიანობა, ევროპელ რექტორებთან და განათლების პოლიტიკის ლიდერებთან ერთად, უზრუნველყოფს მდგრადი ტრანსფორმაციის სტრატეგიების შექმნას უმაღლეს განათლებაში.EUA-ს მდგრადობის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს პროფესორი მაურიციო ტირა, EUA-ს მმართველი საბჭოს წევრი მდგრადობის მიმართულებით.
აღნიშნული წარმატება ხაზს უსვამს პროფესორ კახაბერ ლაზარაშვილის კომპეტენციასა და ლიდერულ უნარებს უმაღლესი განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის სფეროებში. ასევე, ადასტურებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მზარდ საერთაშორისო აღიარებას, როგორც პროგრესული, ინოვაციური და გლობალურ პროცესებში ჩართული უნივერსიტეტისა.